logo
ENG



"სისტემის შიგნით კრიტიკული აზრის ჩახშობა" - SJC მოსამართლე ნინო გიორგაძის არდანიშვნაზე

03 ნოე 202312:56
3 წუთის საკითხავი
 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდეგ, მოსამართლე ნინო გიორგაძე თანამდებობაზე უვადოდ არ დანიშნეს. SJC-ში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით საბჭომ გადაუხვია გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის არსებული პრაქტიკიდან.

სოციალურ სამართლიანობის ცენტრში ამბობენ, რომ ნინო გიორგაძის მიერ პრობლემურ საკანონმდებლო ცვლილებებზე საჯაროდ გაჟღერებული კრიტიკა, სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მის უვადოდ დანიშვნაზე უარი მიზნად ისახავს სისტემის შიგნით კრიტიკული აზრის ჩახშობას.

"ამგვარი საყურადღებო პრეცედენტი დამატებით საფრთხეს უქმნის ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობას, მათი გამოხატვის თავისუფლებას და შეუქცევად ზიანს აყენებს სასამართლო ხელისუფლების მიმართ არსებულ ისედაც მწირ საზოგადოებრივ ნდობას. მიღებულ გადაწყვეტილებაში საბჭოს მოსამართლე და პარლამენტის მიერ ახლად არჩეული არამოსამართლე წევრების ერთსულოვანი თანხმობა კი მკაფიოდ მიუთითებს საბჭოში კრიტიკული აზრის ნაკლებობაზეც", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

SJC-ში აღნიშნავენ, რომ ნინო გიორგაძე 2020 წლის დეკემბრიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, როგორც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლე და, კანონმდებლობის თანახმად, ექვემდებარებოდა საქმიანობის პერიოდულ შეფასებას საბჭოს წევრთა ნაწილის მხრიდან.

ამასთან, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თქმით, ნიშანდობლივია, რომ ნინო გიორგაძე ერთ-ერთი იყო მოსამართლეთა იმ მცირე ჯგუფიდან, რომელმაც ღიად გააპროტესტა პარლამენტის მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები. სოციალური სამართლიანობის ცენტრში აღნიშნავენ, რომ კანონპროექტი პარლამენტმა საზოგადოების და თავად სასამართლო ხელისუფლების ჩართულობის გარეშე განიხილა და მან არსებითად გააუარესა ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები:

ამასთან, ნინო გიორგაძე იყო ეპარქიების მუნიციპალურ დაფინანსებაზე პრეცედენტული გადაწყვეტილების ავტორი, რომელიც ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო და რომელზე დავასაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადგილობრივი აქტივისტების, სამირა ბაირამოვას და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით 2019 წლიდან აწარმოებდა.

"აღნიშნულ საქმეში სასამართლომ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციულად მიიჩნია და ბათილად ცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ის ნორმა, რომლის თანახმად რელიგიური საქმიანობის დაფინანსებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა (400 000 ლარი) სრულად გადაეცემოდა მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას. კერძოდ, რელიგიური საქმიანობის დაფინანსების მიზნად თვითმმართველობის ბიუჯეტში განსაზღვრული იყო რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდა და მოსახლეობის სულიერების ამაღლება. ამგვარ მხარდაჭერას კი მეტწილად და მხოლოდ ადგილობრივი ეპარქია იღებდა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის განცხადებით, ზემოაღნიშნული ფაქტები და სასამართლო სისტემაში არსებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა არაფორმალური გავლენები, ჩაკეტილობა, განსხვავებული და კრიტიკული აზრის დევნა, საფუძვლიან კითხვებს აჩენს ნინო გიორგაძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობასა და ობიექტურობაზე. ორგანიზაციის შეფასებით, დამატებით გასათვალისწინებელია პრაქტიკა, რომელიც სამოსამართლო გამოცდილების არმქონე, გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების, როგორც წესი, უვადოდ დანიშვნას უკავშირდება და რომელზეც საბჭომ მოცემულ საქმეში უარი თქვა.

SJC-ში აღნიშნავენ, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის ინსტიტუტისა და კანდიდატების შეფასების საკანონმდებლო მოწესრიგების პრობლემურობას.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მოსამართლე ნინო გიორგაძესთან დაკავშირებით 2023 წლის პირველ ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება მკაფიოდ მიუთითებს, რომ:

  • საქართველოს პარლამენტმა და განსაკუთრებით მმართველმა გუნდმა ვერ უზრუნველყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრინციპული, კვალიფიციური და მაღალი საზოგადოებრივი ნდობის მქონე კადრებით შევსება, რაც მალევე აისახა ამ ინსტიტუტის საქმიანობაზე;
  • სასამართლო სისტემაში განსხვავებული აზრი არათუ წახალისებული და მხარდაჭერილია, არამედ ის ნებისმიერი ფორმალური თუ ინსტიტუციური მექანიზმით დევნის საგანია. განსხვავებული მოსაზრებების მქონე მოსამართლეები კი სულ უფრო მეტად ხდებიან სისტემიდან განდევნის სუბიექტები.

close დახურვა